სტიპენდია მთარგმნელებისთვის

 

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი მთარგმნელებს სთავაზობს წარადგინონ თავიანთი კანდიდატურები საფრანგეთის წიგნის ეროვნული ცენტრის (CNL) მიერ გაცემული სტიპენდიის მისაღებად, რომელიც განკუთვნილია მთარგმნელებისთვის ფრანგულიდან უცხო ენებზე.

მთარგმნელის სტიპენდია ენიჭება მთარგმნელს, რომელიც თარგმნის ფრანგი ავტორის ნაწარმოებს ფრანგულიდან ქართულ ენაზე, მისი გამოცემის მიზნით, და თარგმანზე სამუშაოდ სჭირდება საფრანგეთში გამგზავრება. კონკურსში გამარჯვებულს ენიჭება სტიპენდია თვეში 2000 ევროს ოდენობით 1-დან 3 თვემდე ვადით საფრანგეთში გასამგზავრებლად. 

სტიპენდიის მიღების მსურველმა მთარგმნელმა უნდა შექმნას თავისი ონლაინ ანგარიში საფრანგეთის წიგნის ეროვნული ცენტრის საიტიდან (http://www.centrenationaldulivre.fr), რისთვისაც უნდა მიჰყვეს მითითებებს. ეს ანგარიში იქნება დაცული პაროლით. მთარგმნელმა თავისი ანგარიშიდან ონლაინ უნდა შეავსოს ფორმულარი და ატვირთოს მოთხოვნილი საბუთები. ამ ანგარიშის საშუალებით მთარგმნელისთვის ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია მის მიერ ადრე მიღებული სტიპენდიების შესახებ და ასევე მიმდინარე კონკურსის შედეგები.

ფოსტით უნდა გაიგზავნოს მხოლოდ და მხოლოდ შემდეგი დოკუმენტები:
- ერთ-ერთი ადრინდელი წიგნად გამოცემული თარგმანი.
- გვერდებდანომრილი ნიმუში იმ წიგნის ქართული თარგმანიდან, რისთვისაც მთარგმნელი ითხოვს სტიპენდიას, და შესაბამისი ფრანგული ტექსტი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექსტები ატვირთული უნდა იყოს ელექტრონულ ფორმულარშიც.

ფოსტით გაგზავნილ დოკუმენტებს უნდა ახლდეს კანდიდატის დოსიეს ნომერი. ამ ნომერს მას გამოუგზავნის საფრანგეთის წიგნის ეროვნული ცენტრი მას შემდეგ, რაც მიიღებს კანდიდატის ელექტრონულ დოსიეს.


კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოში მცხოვრებ მთარგმნელებს, ვისაც უკვე თარგმნილი და წიგნად გამოქვეყნებული აქვს ფრანგი ავტორის ნაწარმოები. მთარგმნელებს ვთხოვთ, გაეცნონ საფრანგეთის წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებულ პირობებს დახმარების მისაღებად, და საბუთების შემოტანის წინ დარწმუნდნენ, რომ ამ პირობებს აკმაყოფილებენ.



სტიპენდიის მიღებიდან მის შემდეგ მოთხოვნამდე უნდა გავიდეს 3 წელი.
კომისია იკრიბება წელიწადში სამჯერ.

მთარგმნელის სტიპენდიის მისაღებად კონკურსზე საბუთების წარდგენის ვადები ცხადდება საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის საიტზე.

დადებითი პასუხის შემთხვევაში, თუ მთარგმნელობითი პროექტი არ იღებს სხვა ტიპის დახმარებას მერაბ მამარდაშვილის საგამომცემლო დახმარების პროგრამის ფარგლებში (საავტორო უფლებების გადახდა ან თანამონაწილეობა წიგნის ბეჭდვის ხარჯებში), გამომცემელმა საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტს უნდა გადასცეს თარგმნილი წიგნის 5 ეგზემპლარი მისი გამოსვლისთანავე. აქედან, 1 ეგზემპლარი გაიგზავნება საფრანგეთის წიგნის ეროვნულ ცენტრში.

თარგმნილი წიგნის ყდის უკანა გვერდზე უნდა ფიგურირებდეს საფრანგეთის წიგნის ეროვნული ცენტრის ლოგო, რომელსაც გამომცემელი ჩამოტვირთავს საფრანგეთის წიგნის ეროვნული ცენტრის საიტიდან.


2019 წელს განაცხადებების მიღების ბოლო ვადებია:

  • 20 თებერვალი
  • 10 ივნისი
  • 31 ოქტომბერი

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ :
თამარ ხოსრუაშვილს

tamar.khosruashvili@institutfrancais.ge
ტელ.: 2 92 33 04 / 292 33 06