კალენდარი

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა | 2023-11-09 18 h

შეხვედრა ვენსან ლე რუასთან

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა 
გიწვევთ ლიტერატურულ შეხვედრაზე.

ვენსან ლე რუა
ლიტერატურის პროფესორი,


გვესაუბრება თემაზე  

ვინ მოკლა ვიქტორ ჰიუგო?

ხუთშაბათს
, 9 ნოემბერს 18სთ-ზე

შეხვედრა გაიმართება ფრანგულ ენაზე.

 მისამართი: გუდიაშვილის.7, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპ. ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა.



ფრანგული ლიტერატურის საკრალური სიმბოლო, ვიქტორ ჰიუგო, რომელიც ისევე გამოირჩეოდა თავისი დროის ყველა სადაო საკითხში მონაწილეობის მიღებით, როგორც მდიდარი წარმოსახვით, მე-19 საუკუნის საფრანგეთის დომინანტური ფიგურა იყო. იგი 1802 წელს, მშფოთვარე საუკუნის მღელვარებებით სავსე დროს დაიბადა, იცვლიდა აზრს ულტრა როიალიზმიდან რესპუბლიკურ სოციალიზმამდე, მას სიცოცხლეშივე აკრიტიკებდნენ და ადიდებდნენ, გადასახლებაც იგემა და გლოვის ტკივილიც.


დრამა, პოეტური კრებული, რომანი, პოლიტიკური შეკრება თუ გაკრული პლაკატი - ვიქტორ ჰიუგოსთვის ყველაფერი ტრიბუნას წარმოადგენდა. ის ყველა ჟანრს და ყველა რეგისტრს იყენებდა, რომ ეჩვენებინა ადამიანი ისეთი, როგორიც ის სინამდვილეში იყო : პატარა თუ აღმატებული, თუმცა მუდამ წინააღმდეგობრივი ძალების მსხვერპლი.

მისი პროზა, ისევე როგორც პოეზია გენიალური კონტრასტებითაა გაჯერებული. ვიქტორ ჰიუგოს შთაგონება ყველგან ლირიული და ეპიკურია: დანტესეული ხილვების გვერდით ყოველივე სუსტის მიმართ ფაქიზი გრძნობები თანაცხოვრობენ. თავისი პერსონაჟის, ერნანის მსგავსად, ვიქტორ ჰიუგო თვითონ არის ’’ძალა, რომელიც მოდის’’. მისი შემოქმედება ფრანგული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პოპულარული მოვლენაა.


ვიქტორ ჰიუგოს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის პოეზიის და თეატრის განახლებაში. მისით აღტაცებულები იყვნენ მწერალის თანამედროვენი, თუმცა არც კრიტიკა დაკლებია ზოგიერთი ავტორის მხრიდან. საკუთარი პოზიციის არაერთხელ დაფიქსირებით, ჰიუგომ მრავალ თაობას მისცა საშუალება განევითარებინათ აზროვნება მწერლის ჩართულობის შესახებ პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. მისმა ერთდროულად მორალურმა და პოლიტიკურმა არჩევანმა და უბადლო შემოქმედებამ, მწერალი იმ სიმბოლურ პერსონაჟად აქცია, რომელის ნეშტიც საფრანგეთის მესამე რესპუბლიკამ, გარდაცვალებიდან ათი დღის შემდეგ, 1885 წლის 1 ივნისს, განსაკუთრებული პატივით გადაასვენა პანთეონში.


ვიქტორ ჰიუგოს მიმართ არსებული გარკვეული იმედგაცრუების გასაგებად, კვლავ მის შემოქმედებას უნდა მივმართოთ. თუმცა, იმ ღირებულებებზეც უნდა დავფიქრდეთ, რომელთა გადმოცემასაც დღევანდელი საზოგადოება ლიტერატურისგან მოითხოვს.