კალენდარი

თსუ-ს მუზეუმი I კორპუსი, მე-2 სართული | 2022-04-19 16h00

გიორგი (ჟორჟ) ეკიზაშვილისადმი მიძღვნილ საღამო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რომანული ფილოლოგიის კათედრა გიწვევთ გიორგი (ჟორჟ) ეკიზაშვილისადმი მიძღვნილ საღამოზე, რომელიც ეხება მის ორიგინალურ შემოქმედებასა და მის თარგმანებს.
 
გიორგი ეკიზაშვილი გახლავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ლიტერატურის პროფესორი, მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, არაერთი კონკურსისა და ლიტერატურული პრემიის ლაურეატი. ფრანგული კულტურის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის დაჯილდოვებულია საფრანგეთის სახელმწიფო ორდენით „აკადემიური პალმის კომანდორი“.

შეხვედრის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება, მოისმინოს და გაეცნოს გიორგი ეკიზაშვილის შემოქმედებას, შეიგრძნოს მისი თარგმანების მაგიური ძალა, თარგმანებისა, რომლებიც ქართულ ენაზე გადმოტანილი რეალობიდან გვაახლოებს ფრანგ და ფრანკოფონ ავტორთა ლიტერატურულ სამყაროსთან.

უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დოქტორანტების უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით დაგეგმილი საღამო პრიორიტეტულად მიეძღვნება თარგმანების კითხვას, რაც ფრანგული ორიგინალური ტექსტების თანხლებით, შეგვაგრძნობინებს გიორგი ეკიზაშვილის ინდივიდუალურ სტილს, მისი თარგმანების გამორჩეულ ხასიათს.

საღამოზე, აგრეთვე, იქნება შესაძლებლობა, უკეთ გავიცნოთ გიორგი ეკიზაშვილის გამორჩეული პოეტური სამყარო. შეხვედრას წარუძღვება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ბელა ხაბეიშვილი.

ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს მხარდაჭერით დაგეგმილი საღამო გაიმართება 2022 წლის 19 აპრილს 16 საათზე, მისამერთზე:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმი
I კორპუსი, მე-2 სართული
ილია ჭავჭავაძის გამზ. N1