კალენდარი

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა | 2017-03-09 18 სთ 30

ხათუნა მზარელუას პოეზიის საღამო

შეყვარებული ხეები


ხათუნა მზარელუას
ლექსები



ხათუნა მზარელუა ხელოვნების სფეროში მოღვაწე ჟურნალისტი  და თანამედროვე ევროპული ცეკვის მკვლევარია. იგი მჭიდროდ თანამშრომლობდა საერთაშორისო ჟურნალ „ამარტასთან“, სადაც შექმნა ბალეტთან დაკავშირებული რუბრიკა. ამ რუბრიკის ფარგლებში იბეჭდებოდა მისი ინტერვიუები დასავლეთ ევროპის თანამედროვე ცეკვის სამყაროს წარმომადგენლებთან, ქორეოგრაფებთან, მოცეკვავეებთან, როგორებიც არიან: ფრანც ბლანკარტი, ლორ ბარო, ჟილ ჟობენი, ფილიპ კოენი, ანჟელენ პრელჟოკაჟი, სიდი ლარბი შერკაუი, კრისტიან ლაკრუა, გი დარმე და სხვები; ასევე, ესეები ბალეტის თემაზე. იგი აგრძელებს თანამედროვე ცეკვის მიმართულებით მუშაობას და თანამშრომლობს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ჟურნალ „არაბესკთან.“ ამასთან ერთად, მუშაობს როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტი.


2011 წელს ხათუნა მზარელუამ დაიწყო საჯარო ლექციების ციკლი თემაზე – „ერთი და მრავალსახოვანი ევროპა XX საუკუნისა და XXI საუკუნის დასაწყისის ბალეტის ფონზე“, რომლის მხარდამჭერები გახდნენ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ევროპის სახლი საქართველოში’’ და ფონდი „ბილივი.“ ამ ციკლის მხარდამჭერები იყვნენ და არიან პარიზის ნაციონალური ოპერა, ჟენევის დიდი თეატრი, ლიონის ოპერისა და ბალეტის თეატრი, ევროპელი ქორეოგრაფები და მათი კომპანიები, რომლებიც სპეციალურად ამ ციკლისთვის გზავნიან ექსკლუზიურ ვიდეო და ფოტომასალებს.


ხათუნა მზარელუამ ფრანგულად ლექსების წერა 2007 წლიდან   დაიწყო ჟენევაში, სადაც სწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტის ევროპის ინსტიტუტში კულტურებისა და საზოგადოებების განხრით. მას შემდეგ, რაც კალვინის ქალაქიდან წამოვიდა (თუ შესაძლებელია, როგორც თვითონ აღნიშნავს, რომ საიდანმე სამუდამოდ წამოხვიდე), ხათუნა მზარელუამ ფრანგულად ლექსების წერა თბილისში გააგრძელა.



ფრანკოფონიის თვის ფარგლებში, იგი პირველად წარმოადგენს თავის ლექსებს და ამასთან დაკავშირებით გვიმხელს:



"როგორ ვწერ ლექსებს?

თითქოს მოწყვეტილი ვარსკვლავები არიანო, ვიჭერ სიტყვას, წინადადებას, ფიქრს, ემოციას, მოგონებას, სიზმარს.

ამ „მასალებისგან“ ვაშენებ ლექსებს. დიახ, ვაშენებ.

მე მოწყვეტილი ვარსკვლავების მცველი ვარ.

წერის პროცესი ხან ლაღად მიედინება და სიმსუბუქეს ვგრძნობ, ხან კი საათობით ჩუმ ფიქრსა და მოთმინებას მოითხოვს. ამ უკანასკნელ პროცესს მწარე გემოც აქვს ხოლმე.

სიტყვებზე, წინადადებებზე, ფიქრებზე, ემოციებზე, მოგონებებსა და სიზმრებზე გულდასმით ვმუშაობ.



რატომ ვწერ?

სიცოცხლისთვის. ჩემი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ ჰგავს შეჰერეზადას დამოკიდებულებას სულთანთან. მეც ამბებს ვყვები. პროექტიდან პროექტამდე ვცხოვრობ. არ ვიცი, როგორი იქნება დასასრული..."