კალენდარი

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა | 2017-03-22 18 სთ

შეხვედრა ოლივიე როლენთან

შეხვედრა ფრანგ მწერალთან ოლივიე როლენთან გაიმართება

18სთ00
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში,

ამავე დროს წარდგენილი იქნება მისი დოკუმენტური რომანის "მეტეოროლოგი" ქართული თარგმანი
და ჩატარდება ავტოგრაფების სეანსი.

დასწრება თავისუფალია.


ფრანგი მწერალი, ოლივიე როლენი, დაიბადა 1947 წლის 17 მაისს პარიზის გარეუბანში, ბულონ-ბიანკურში. ბავშვობა სენეგალში გაატარა, შემდეგ პარიზის ლუი-ლე-გრანის ლიცეუმში სწავლობდა. მოგვიანებით დაამთავრა ეკოლ ნორმალ სუპერიერის ფილოლოგიის და ფილოსოფიის ფაკულტეტები. მწერალს ჰყავს ძმა, ჟან როლენი, ასევე ცნობილი მწერალი და არაერთი ლიტერატურული პრემიის მფლობელი.
 
ოლივიე როლენი აქტიურად იყო ჩაბმული პოლიტიკურ მოძრაობაში. ის იყო მემერცხენე მაოისტური პროლეტარული მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, იმავდროულად გაერთიანებული იყო ახალი სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის "მილიტარისტულ ფრთაში". მწერალი აქტიურად იბრძოდა პროლეტარიატის იდეების დასაცავად, მემერცხენე მაოისტური პროლეტარული მოძრაობის ორგანიზაცია ეწინააღმდეგებოდა მის ამ იდეას იმ მიზეზით, რომ არ სურდათ რისკის ქვეშ დაეყენებინათ პაციფისტური იდეალები. მწერლის იდეებს იზიარებდა და პროლეტერული მოძრაობის წევრი იყო მისი ძმაც, ჟან როლენი.
 
1973 წელს მემარცხენე მაოისტური მოძრაობის დაშლის შემდეგ, ოლივიე როლენი გარკვეული პერიოდით განზე გადგა და ჩრდილში ყოფნა ამჯობინა, თუმცაღა მალე დაუბრუნდა აქტიურ საქმიანობას და მუშაობა დაიწყო ცნობილ გამომცემლობაში "ლე სეი", შემდეგ, როგორც დაქირავებული ჟურნალისტი, ოლივიე როლენი თანამშრომლობდა გაზეთთან "ლიბერასიონი" და ჟურნალთან "ლე ნუველ ობსერვატერ". ხუთი წლის განმავლობაში, 1993-1998 წლებში, ცხოვრობდა ცნობილ მომღერალთან, ჯეინ ბირკინთან ერთად, რომელიც ჩეჩნეთში მოგზაურობისას გაიცნო, როცა ჯეინ ბირკინის მეუღლე, ცნობილი მომღერალი სერჟ გენსბურგი ორი წლის გარდაცვლილი იყო.
 
საკუთარი რევოლუციური წარსულის ახსნის დაუოკებელი წყურვილის წყალობით მან წერა დაიწყო. 1983 წელს გამოქვეყნდა მწერლის პირველი რომანი "მომავლის ფენომენი", სადაც ის იმ წარმოსახვით ქალაქზე და ადგილებზე ლაპარაკობს, რომლებიც კავშირში არიან ჩვენს რეალურ ისტორიასთან.    
 
1994 წელს, ოლივიე როლენს მიენიჭა ფემინას პრემია წიგნისთვის "პორტი სუდანი". სწორედ ამ ნაწარმოების შემდეგ გახდა ოლივიე როლენი პოპულარული მკითხველთა ფართო მასებში. წიგნში აღწერილია უიმედო სიყვარულის, ღალატის ისტორია, რომელიც კვლავ კავშირშია რევოლუციურ, იდეოლოგიურ ჭიდილთან. რომანის თხრობა გამორჩეულია, მწერლის ფრაზები გრძელია, წარსული და მომავალი ერთმანეთში იხლართება და ზოგჯერ მკითხველისთვის ძნელად აღსაქმელია. მის წერის ასეთ სტილს მოგვიანებით კრიტიკოსებმა "როლენის სტილი" შეარქვეს.
 
2002 წელს გამოიცა მისი ყველაზე მეტად ავტობიოგრაფიული  რომანში "ქაღალდის ვეფხვი", რომელშიც ავტორი აღწერს საკუთარი მაოისტური პერიოდის ეპიზოდებს. იმავე წელს ის ფრანს კულტურის პრემიით დაჯილდოვდა. ამ წიგნის გამოქვეყნებემდე ავტორი პერიოდულად აქვეყნებდა რომანებს და მოგზაურობების შთაბეჭდილებებს, რომლებსაც ნოველების ფორმა ჰქონდათ, ასევე მრავლად აქვეყნებდა რეპორტაჟებს სხვადასხვა ქვეყნიდან.
 
"ლიტერატურა გეხმარება იყო უფრო გონიერი, მეტად მოხერხებული და იყო თავისუფალი" - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში მწერალი. 
 
2014 წელს ოლივიე როლენს მიენიჭა სტილის პრემია რომანისთვის "მეტეოროლოგი", რომელიც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სწორედ დახვეწილი და პოეტური სტილის გამო. რომანში მოქმედება ხდება ოცდაათიანი წლების საბჭოთა კავშირში. მთავარი მოქმედი გმირი, ალექსეი ფეოდოსიევიჩი, თავის პროფესიაზე შეყვარებული მეტეოროლოგია, რომელიც საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი ხდება. მას  ათი წლით საკონცენტრაციო ბანაკში გაამწესებენ, სადაც საშინელი სიკვდილით დაასრულებს კიდეც სიცოცხლეს. მთელი იქ ყოფნის განმავლობაში ის თავის შვილს, ელეონორას, რეგულარულად უგზავნიდა წერილებს, ნახატებს და გამოცანებს, რომელთა ავტორიც თვითონ იყო.
 
რუსეთში მოგზაურობისას ოლივიე როლენი სწორედ ამ კორესპონდენციის აღმოჩენის შედეგად გადაწყვეტს, დაწეროს რომანი ამ თემაზე.
 
რომანი "მეტეოროლოგი" თარგმნილია ქართულ ენაზე და მალე გამოიცემა მერაბ მამარდაშვილის საგამომცემლო დახმარების პროგრამის ფარგლებში.