კალენდარი

წიგნის სახლი ’’ლიგამუსი’’ | 2024-03-19 19 სთ

შეხვედრა მწერალ ქლოე კორმანთან

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა
და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გიწვევთ

ლიტერატურულ შეხვედრაზე ონლაინ
მწერალ
ქლოე კორმანთან,
საქართველოს გონკურის არჩევანის 2022 წლის ლაურეატთან
მისი რომანისთვის ’’თითქმის დები’’

სამშაბათს, 2024 წლის 19 მარტს 19სთ00წთ-ზე
 

შეხვედრა ჩატარდება ფრანგულ ენაზე ჰიბრიდულ რეჟიმში.
ქლოე კორმანი ესტუმრება საქართველოს საელჩოს საფრანგეთში და იქიდან გაესაუბრება
ილიას უნივერსიტეტის წიგნის სახლში, ’’ლიგამუსში’’, შეკრებულ ქართველ მკითხვენლებს.

შეხვედრას დაესწრებიან საფრანგეთის და საქართველოს ელჩები.


დასწრება თავისუფალია, რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე : https://shorturl.at/lwJLN
მისამართი: წიგნის სახლი ’’ლიგამუსი’’, ილია ჭავჭავაძის გამზირი 32



ფრანგი მწერალი, ქლოე კორმანი, გაიზარდა ებრაულ ოჯახში, რომელსაც შოამ თავისი კვალი დაატყო. ლიტერატურით გატაცებულმა მწერალმა ლიონის ეკოლ ნორმალი დაამთავრა. შემდგომ კი, ამერიკაში მოგზაურობით შთაგონებულმა, სადაც მან ორი წელი გაატარა, გამოაქვეყნა თავისი პირველი რომანი ’’ადამიანები - ფერები’’ (გამომცემლობა სეი, 2010) და ამგვარად შეაბიჯა პოეტური და ამავდროულად პოლიტიკური ლიტერატურის სამყაროში. მწერლის სხვა ნაწარმოებები ისეთ კომპლექსურ თემებს ეხება, როგორიცაა მარტოობა, ბავშვობა და ინდიფერენტულობა. წერის მისეულმა მძაფრმა მანერამ ქლოე კორმანის ისეთი მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემიების კონკურენტთა სიაში ყოფნა განაპირობა, როგორიცაა მედიჩის პრემია 2013 წელს რომანისთვის ’’ლუვპლენი’’ (გამომცემლობა სეი) და 2018 წელს რომანი ’’სამხრეთი’’ რენოდოს პრემიისთვის.

2022 წელს ქლოე კორმანმა გამოაქვეყნა თავისი რომანი ’’თითქმის დები’’, რომელიც საქართველოს გონკურის არჩევანის 2022 წლის გამარჯვებული წიგნია. ეს ნაწარმოები, რომელიც დოკუმენტური პროზისთვის დამახასიათებელი სტილით გამოირჩევა, მოგვითხრობს ებრაელი ბავშვების ბედზე, რომელთა მშობლებიც დეპორტირებულები იყვნენ. რომანში გადმოცემულია ბავშვების განსაკუთრებული თვალით დანახული ნაციზმის სისასტიკე. ავტორის მონათხრობში, მის ფრაგმენტირებულ სტილში ერთმანეთს ენაცვლება მწერლის პირადი გამოცდილება და კოლექტიური ტრაგიკული მოვლენები.

2023 წელს მეხუთედ გამოვლინდა საქართველოს გონკურის არჩევანის რჩეული წიგნი. გადაწყვეტილება კი საქართველოს სამი უნივერსიტეტის: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკის ახალგაზრდა მკითხველებმა მიიღეს, რომლებმაც გონკურის აკადემიის მესამე სელექციის ოთხი რომანიდან შეარჩიეს ლაურეატი.

 


შეხვედრას დაესწრებიან საფრანგეთის და საქართველოს ელჩები.