კალენდარი

საელჩოს 2016 წლის პრემია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში

ორშაბათს, 2016 წლის 12 დეკემბერს, საფრანგეთის ელჩმა ბ-მა პასკალ მენიემ, საფრანგეთის საელჩოს პრემია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გადასცა საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას“, მის მიერ განხორციელებული ქმედებებისთვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინტეგრაციის ხელშეწყობის საქმეში.

საფრანგეთის საელჩოს პრემია წელს პირველად გაიცა და მისი მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვისთვის წამოწყებული სამოქალაქო აქტივობების წახალისება და ხელშეწყობა. წლევანდელი პრემიის თემად შერჩეულ იქნა „თანასწორობა და ბრძოლა დისკრიმინაციების წინააღმდეგ“. პრემიას თან ახლდა 1000 ევროიანი ფულადი ჯილდო.


დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი და სახალხო დამცველი - უჩა ნანუაშვილი. ელჩმა აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელოვანი ადგილი საფრანგეთის საგარეო პოლიტიკაში და ხაზი გაუსვა საელჩოს პრემიის მნიშვნელობას, რომელიც მკაფიო მესიჯს უგზავნის ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას.

„ცხადია, რომ კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის უმთავრესი გარანტი სახელმწიფოა. სწორედ ამიტომ, მსურს მივულოცო საქართველოს მთავრობას მიღწეული პროგრესი, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია 2014 წელს მიღებული ანტი-დისკრიმინაციული კანონი. რა თქმა უნდა, კვლავ არსებობს უამრავი გამოწვევა: სიძულვილის ენა, არათანაბარი წვდომა საბაზისო სამოქალაქო უფლებებზე, როგორიცაა განათლება და ჯანდაცვა და სხვ. სწორედ აქ თამაშობს მთავარ როლს სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც თავისი დინამიურობითა და აქტიურობით, მოსახლეობის რისკის ქვეშ მყოფი ნაწილის სასარგებლოდ შეუძლია მოქმედება.“

ჟიურის თავმჯდომარემ, ბ-მა ელჩმა, პრემია საქველმოქმედო ასოციაცია გურიის დამაარსებელს - ბ-ნ რომან ლომაძეს გადასცა და მადლობა გადაუხადა წამოწყებული საქმის ერთგულებისათვის: ბ-ნი რომანი წლებია იბრძვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად დასავლეთ საქართველოში, კერძოდ გურიის რეგიონში, მაშინ როდესაც ინფრასტრუქტურისა და მომსახურების სერვისების არარსებობა დიდ პრობლემას ქმნის ამ ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციის გზაზე.

პრემიის ლაურეატი - ბ-ნი რომან ლომაძე, საქველმოქმედო ასოციაცია "გურია"


სპეციალური სიგელი გადაეცა კულტურულ-ჰუმანიტარულ ფონდს „სოხუმს“ და მის დირექტორს - ქ-ნ ალა გამახარიას, აფხაზეთიდან დევნილი ქალების როლის ზრდის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, რომლებიც ხშირად „ორმაგი დისკრიმინაციის“ მსხვერპლნი ხდებიან - როგორც ქალები და როგორც დევნილები.

საპატიო სიგელი გადაეცემა ქ-ნ ალა გამახარიას

ელჩმა დადებითად შეაფასა ყველა იმ ორგანიზაციის საქმიანობა, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს პრემიის შესარჩევ კონკურსში. ესენი გახლავთ: ახალციხის მწვანე სახლი, ქალთა ინიციატივის მხარდამჭერი ჯგუფი (WISD), შანსის კლუბი ტიფლისი და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI).

იუსტიციის მინისტრი, ქ-ნი თეა წულიკიანი მიესალმა საფრანგეთის საელჩოს ინიციატივას, რადგან ამ წამოწყებამ ადამიანის უფლებათა დაცვისთვის მებრძოლ „პატარა ორგანიზაციებს“ ფართო ასპარეზზე გამოსვლის საშუალება მისცა. სახალხო დამცველმა და ჟიურის წევრმა, ბ-ნ უჩა ნანუშავილმა, გულითადად მიულოცა წარმატება გამარჯვებულ ასოციაციებს და ხაზი გაუსვა საფრანგეთის საელჩოს პრემიის სიმბოლურ მნიშვნელობას.

იუსტიციის მინისტრი - ქ-ნი თეა წულუკიანი, სახალხო დამცველი - ბ-ნი უჩა ნანუაშვილი, საფრანგეთის ელჩი - ბ-ნი პასკალ მენიე და გამარჯვებული ასოციაციები