კალენდარი

ბალეტის „სილფიდები“ პრეზენტაცია


საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გიწვევთ საღამოზე – ბენჟამენ მილპიეს XXI საუკუნის „სილფიდები“, რომელსაც ფრანგულ ენაზე წარმოადგენს ხათუნა მზარელუა, ამა წლის 24 ივნისს, 17 საათზე. 


ბალეტი „სილფიდები“, ფრედერიკ შოპენის მუსიკაზე, ქორეოგრაფმა მიხაილ ფოკინმა დადგა. დეკორაციისა და კოსტიუმების ავტორი გახლდათ ალექსანდრ ბენუა. „სილფიდების“ პრემიერა შედგა 1909 წლის 2 ივნისს, პარიზის შატლეს თეატრში, სერგეი დიაგილევის საბალეტო დასის შესრულებით. წამყვან პარტიებს ცეკვავდნენ ვაცლავ ნიჟინსკი, ანა პავლოვა, თამარა კარსავინა და ალექსანდრა ბალდინა. 

მიხაილ ფოკინის შედევრში, სილფიდებით – ამ მდედრობითი სქესის ზებუნებრივი არსებებით გარშემორტყმული მეოცნებე პოეტის განცდები ცეკვითაა გადმოცემული. ძველი საფლავებისა და ეკლესიის ნანგრევების ფონზე მოცეკვავე პოეტი და სილფიდები, ბალერინების გრძელი, თეთრი და ჰაეროვანი კაბები ფილიპო ტალიონის ბალეტ „სილფიდას“ (1832) რომანტიკულ ატმოსფეროს გვაგონებენ. 

ამერიკაში დამკვიდრებულმა ფრანგმა მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა, New York City Ballet-ს ყოფილმა სოლისტმა, Los Angeles Dance Project-ის სამხატვრო ხელმძღვანელმა ბენჟამენ მილპიემ „სილფიდების“ საკუთარი ვერსია 2011 წლის 11 ოქტომბერს, ჟენევის დიდი თეატრის საბალეტო დასისთვის, ამ დასის დირექტორის, ფილიპ კოენის მიწვევით დადგა. მილპიეს პოსტკლასიკურ ქორეოგრაფიას დიდებულად ასრულებენ დასის მოცეკვავეები – ათი პოეტი და ათი სილფიდა. 

 საღამოზე ნაჩვენები იქნება „სილფიდების“ ორივე დადგმის ვიდეო ჩანაწერები. მიხაილ ფოკინის „სილფიდებს“ ასრულებს American Ballet Theatre და პოეტის პარტიას მიხაილ ბარიშნიკოვი ცეკვავს. 


საჯარო ლექციები ცეკვაზე, ხათუნა მზარელუამ, თანამედროვე ცეკვის მკვლევარმა, 2011 წლის 23 ოქტომბერს წამოიწყო. მისი მიზანია ქართველ მაყურებელს გააცნოს თანამედროვე ევროპული ქორეოგრაფიული ნამუშევრები და კლასიკური ბალეტების ახლებური დადგმები. 


ბენჟამენ მილპიეს „სილფიდების“ ვიდეო ჩანაწერისა და ფოტოების მოწოდებისთვის დიდი მადლობა ბატონ ფილიპ კოენს, ჟენევის დიდი თეატრის ადმინისტრაციულ კოორდინატორს, ქალბატონ ემილი შაფტერს და ფოტოგრაფს, ბატონ ვენსან ლეპრესლს.