კალენდარი

მედიათეკა | 2023-09-21 18 სთ

ახალი თარგმანის პრეზენტაცია

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა
და გამომცემლობა აგორა

გიწვევთ შეხვედრაზე.

თამარ ხოსრუაშვილი, მთარგმნელი
წარმოგიდგენთ

ნიკოლა დიკნერის რომანის „თავისუფლების ექვსი ხარისხი",
ქართულ თარგმანს,

ხუთშაბათს,  2023 წლის 21 სექტემბერს 18სთ00წთ-ზე

შეხვედრა გაიმართება ქართულ ენაზე.


ნიკოლა დიკნერი, ფრანგულენოვანი კანადელი რომანისტი, ნოველისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი და მთარგმნელი, დაიბადა 1972 წელს რივიერ-დიუ-ლუში. ლავალის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სადაც ლიტერატურის მაგისტრის დიპლომი მიიღო, ნიკოლა დიკნერმა გამოაქვეყნა ნოველების კრებული ’’მცირე წრის ენციკლოპედია’’, რომელსაც მიენიჭა ჟოვეტ-ბერნიეს და ადრიენ-შოკეტის პრემიები ნოველებისთვის. თუმცა, ნიკოლა დიკნერმა, როგორც მწერალმა, კვებეკის ლიტერატურულ საზოგადოებაში თავი დაიმკვიდრა თავისი პირველი რომანით ’’ნიკოლსკი’’, რომელიც 2005 წელს გამოიცა. უდიდესი წარმატება ხვდა წილად მის მეორე რომანსაც ’’ბეტონი’’.

ნიკოლა დიკნერი მრავალი ლიტერატურული პრემიის ლაურეატია. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ბევრ ენაზე.

ნიკოლა დიკნერის მესამე რომანს, ''თავისუფლების ექვსი ხარისხი'' 2016 წელს მიენიჭა კანადის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო, ''კანადის გენერალური გუბერნატორის პრემია''.

 

თამარ ხოსრუაშვილი არის მთარგმნელი, საბიბლიოთეკო საქმის სპეციალისტი. მან დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და პარიზი ნანტერი-10 უნივერსიტეტი. ის თარგმნის წიგნებს და ფილმებს ფრანგული ენიდან. მას, როგორც საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკის დირექტორს, მრავალი წელია იცნობს და აფასებს საქართველოს ფრანკოფონური საზოგადოება. ამჟამად, თამარ ხოსრუაშვილი იმყოფება შვებულებაში იმ მიზნით, რომ მეტი დრო დაუთმოს თარგმანს.