კალენდარი

მედიათეკა | 2022-06-15 17 სთ

შეხვედრა ნინო ბარკალაიასთან

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა

 

 გიწვევთ შეხვედრაზე
 

 ნინო ბარკალაიასთან,
პიანისტი, ორღანისტი, მუსიკოლოგი
საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნების და ლიტერატურის ორდენის კავალერი

 

2022 წლის 15 ივნისს 17სთ00წთ-ზე

შეხვედრა ჩატარდება ფრანგულ ენაზე.


ნინო ბარკალაია წარმოგიდგენთ პარიზის VIII უნივერსიტეტში მის მიერ დაცული სადოქტორო დისერტაციის ძირითად ასპექტებს. აქცენტი კეთდება პარიზის ’’გიჟური წლების’’, პირველ და მეორე მსოფლიო ომს შორის პერიოდში ხელოვნების, ლიტერატურის და მუსიკის საოცარ აფეთქებაზე. განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს მორის რაველის ირვლივ გაერთიანებული კომპოზიტორთა ჯგუფის, პარიზის სკოლის შექმნა. 

ფრანგმა და ასევე, უცხოელმა კომპოზიტორებმა, რომელებიც ძირითადად აღმოსავლეთ ევროპიდან იყვნენ წამოსულნი, გადამწყვეტი გავლენა მოახდინეს XX საუკუნის მუსიკაზე. ესენი იყვნენ: ბოჰუსლავ მარტინუ, სერგეი პროკოფიევი, იგორ სტრავინსკი, მარსელ მიჰალოვიჩი, ერვინ შულჰოფი, ტიპორ ჰარსანი, ნიკოლა ნაბოკოვი, ფედირ იაკიმენკო და სხვები.

ეს კომპოზიტორები, ისევე როგორც ბევრი მათი თანამემამულე, ბედიწერის განგებით იძულებული გახდნენ ემიგრაციაში წასულიყვნენ და მთელი ცხოვრება ეაზროვნათ და საკუთარი ნაწარმოებები შეექმნათ მულტიკულტურულ გარემოში. მათი ნამუშევრები, ისევე როგორც თავად მათი გამორჩეული პიროვნული სამყარო, დღემდე ცხოველი ინტერესის საგანია მუსიკალურ და სამეცნიერო წრეებში.

------------------------------------------------------

 

2002 წელს, თანამედროვე ფრანგული მუსიკის საშემსრულებლო ხელოვნებისთვის და ფრანგული მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ ნინო ბარკალაიას ხელოვნების და ლიტერატურის კავალერის ორდენი მიანიჭა.

 

ნინო ბარკალაიას საშემსრულებლო რეპერტუარი საკმაოდ ვრცელია: კლასიკური მუსიკიდან მოყოლებული, რომანტიკული და თანამედროვე მუსიკით დამთავრებული. იგი თანამშრომლობს მრავალი ქვეყნის მუსიკოსთან და კომპოზიტორთან. ნინო ბარკალაია არის ნიკოლაი ობუხოვის ყველა საფორტეპიანო ნაწარმოების პირველი და ერთადერთი შემსრულებელი. სწორედ მან გააცნო ობუხოვის შემოქმედება მუსიკის მოყვარულ საერთაშორისო საზოგადოებას, მუდმივად ატარებდა რა კონცერტებს მისი ნაწარმოებების შესრულებით. ნინო ბარკალაია არის აგრეთვე ფრანგი კომპოზიტორის, პარიზის ეროვნული უმაღლესი კონსერვატორიის (CNSM) საპატიო პროფესორის, გი რებელის ნაწარმოებების შემსრულებელი.

ქალბატონი ნინო ბარკალაია ფლობს პარიზის VIII უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს ხელოვნების ისტორიაში, ესთეტიკასა და მუსიკოლოგიაში, რომელშიც მან მიიღო უმაღლესი შეფასება და ჟიურის განსაკუთრებული მილოცვა.

ნინო ბარკალია არის მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიის და ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი. ამავე დროს, ის მუდმივად ინარჩუნებს მჭიდრო კავშირებს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან. ამასთანაევე, რეგულარულად კითხულობს ლექციებს და ატარებს მასტერკლასებს ევროპის ბევრ უნივერსიტეტსა და კონსერვატორიაში.