კალენდარი

მედიათეკა | 2023-01-26 18 h

ლიტერატურული შეხვედრა - პიერ ეჟენ დრიე ლა როშელის შემოქმედება

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა
გიწვევთ ლიტერატურულ შეხვედრაზე

ლორა დე რეალსი,

ლიტერატურის და ფილოსოფიის სპეციალისტი

წარმოგიდგენთ

  პიერ ეჟენ დრიე ლა როშელის შემოქმედებას
 
ხუთშაბათს, 2023 წლის 26 იანვარს 18სთ00წთ-ზე

შეხვედრა ჩატარდება ფრანგულ ენაზე.


ფრანგი მწერალი, ესეისტი და ჟურნალისტი, პიერ ეჟენ დრიე ლა როშელი დაიბადა 1893 წლის 3 იანვარს პარიზში. მისი მამა, ადვოკატი, ემანუელ დრიე ლა როშელი ძირძველი ნორმანდიული ოჯახის წარმომადგენელი იყო. დედა, ეჟენ-მარი ლეფევრი არქიტექტორის ქალიშვილი იყო. სტენდალისა და ბარესის ნაწარმოებებით გატაცებულ ახალგაზრდა პიერს ადრევე ჩამოუყალიბდა ლიტერატურული გემოვნება. იგი პოლიტიკური მეცნიერებების თავისუფალი სკოლის სტუდენტი გახდა, რომ თავი დიპლომატიისთვის მიეძღვნა.

პირველი მსოფლიო ომის დროს მწერალი მობილიზაციას დაექვემდებარა და სამჯერ იყო დაჭრილი. ომის ეს გამოცდილება მან აღწერა მოთხრობების კრებულში ’’შარლერუას კომედია’’ და ასევე ლექსების კრებულში ’’დაკითხვა’’. 1920-იან წლებში დრიე ლა როშელი დაუახლოვდა დადაისტებს, სურრეალისტებს და პოლიტიკური მიმდინარეობის, "ფრანგული მოძრაობის" წევრებს, თუმცა არცერთი მიმდინარეობის წევრი არ გამხდარა. 1922-1939 წლებში გამოქვეყნდა მისი წიგნები: ’’საფრანგეთის საზომი’’, ’’ქალებით დახუნძლული მამაკაცი’’, ’’მხიარული მოგზაურობა’’ და ’’მეოცნებე ბურჟუაზია’’ (სათაურები პირობითია).

მწერლის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებებად მიჩნეულია წიგნები ’’ცდომილი ალი’’, ’’შარლერუას კომედია’’ და ’’ჟილი’’.

 

როდესაც გასტონ გალიმარის თხოვნით, დრიე ლა როშელი ლიტერატურული ჟურნალის, La Nouvelle Revue Française-ის მთავარი რედაქტორი გახდა, მან შეადგინა ჟურნალში მომუშავე ომის დროს დაპატიმრებული მწერლების სია, მათი შემდგომი გათავისუფლების მიზნით. პატიმარ მწერალთა შორის იყო ჟან-პოლ სარტრი, რომლის გათავისუფლებასაც, სხვათა გადმოცემით, მან ხელი შეუწყო. 1944  წელს, დრიე ლა როშელი გერმანელებისგან გაქცევაში დაეხმარა ჟან პოლანს.

პიერ ეჟენ დრიე ლა როშელის შემოქმედების მთავარი თემებია ბურჟუაზიის გარკვეული ნაწილის დეკადანსი, ცდუნებებისა და საუკუნისადმი ერთგულების გამოცდილება, ლირიკული ილუზიის და სასოწარკვეთილი სიცხადის მონაცვლეობა.

პიერ ეჟენ დრიე ლა როშელი გარდაიცვალა 1945 წლის 15 მარტს.