ფრანკოფონია

1970 წლის 20 მარტს ოთხი სახელმწიფოს მეთაურმა (კამბოჯა, ნიგერია, სენეგალი, ტუნისი) გადაწყვიტა ფრანკოფონული თანამშრომლობის პირველი სააგენტო შეექმნა და გაემდიდრებინა ის საუკეთესო მონაპოვარი, რაც მათ ქვეყნებს კოლონიზაციის პერიოდმა დაუტოვა - საერთო ენა. მას შემდეგ, ეს პატარა სააგენტო დიდ, ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციად (OIF) ჩამოყალიბდა, რომელიც აერთიანებს 70-მდე ქვეყანას (მათ შორის საქართველოსაც დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსით) და მთელს მსოფლიოში მოღვაწე მრავალ ინსტიტუციას. სამი მათგანი საქართველოშიც ფუნქციონირებს - ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო AUF (რომლის წევრებიც არიან : თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ფრანკოფონული სატელევიზიო არხი TV5Monde და ფრანკოფონი მერების საერთაშორისო ასოციაცია (AIMF), რომლის წევრიც არის ქალაქ თბილისის მერი.

ამგვარად, ყოველი წლის 20 მარტისთვის, უკვე ტრადიციად იქცა ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის დღესასწაულის აღნიშვნა მთელ მსოფლიოში, რადგან ფრანგული მთელ მსოფლიოში ისწავლება.