კალენდარი

თბილისის VR დღეები

8 დეკემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - თბილისი და Film XR “თბილისის VR დღეების” პირველ გამოშვებაზე გეპატიჟებათ. ღონისძიება, რომელსაც თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი უმასპინძლებს, პარიზის ფრანგული ინსტიტუტის კონკურსის, Novembre Numerique-ის, ფარგლებში მიღებული მხარდაჭერით ტარდება. 


ბათუმში, ანიმაციური ფილმების ფესტივალზე „თოფუზი“ და კინოფესტივალზე “LemON”, ვირტუალური რეალობის ფილმების განსაკუთრებულად წარმატებული ჩვენებების შემდეგ, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და Film XR-ის გუნდებმა პროექტის მასშტაბების გაზრდა და საერთაშორისოდ აღიარებული ნამუშევრების თბილისში ჩვენება გადაწყვიტეს.


“თბილისის VR დღეები”  იქნება ღონისძიება, რომელიც მაყურებელს საშუალებას მისცემს იხილოს ვირტუალური რეალობის არაერთი ჯილდოს მფლობელი უახლესი ფრანგული ფილმები და იმერსიულ ითხრობის საშუალებით იმოგზაუროს სხვადასხვა გამოგონილ რეალობაში, ამასთანავე გაეცნოს ვირტუალური რეალობის ახალ ქართულ ნამუშევრებს.
 
ღონისძიების სამხატვრო ხელმძღვანელია მარიამ ნატროშვილი. მარიამისა და დეტუ ჯინჭარაძის მიერ ერთობლივად შექმნილი ნამუშევრები ვენეციის ბიენალეს ქართულ პავილიონში იყო გამოფენილი. ღონისძიების კურატორია და ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს XR რეჟისორი და Film XR-ის დამფუძნებელი გიორგი მოლოდცოვი. მისი ფრანგ მუსიკოს და კომპოზიტორ ჟან-მიშელ ჟართან კოლაბორაციით შექმნილი ნამუშევრები არაერთი ჯილდოთი აღინიშნა, მათ შორის Webby Award-ით.


“თბილისის VR დღეებზე” წარმოდგენილ ნამუშევრებს შორისაა:


“Goliath: Playing with Reality” - გამოცდილება შიზოფრენიაზე, გეიმინგსა და ადამიანურ კავშირზე, რომელსაც ტილდა სვინტონი ახმოვანებს. პროექტს 2021 წლის ვენეციის კინოფესტივალზე საუკეთესო იმერსიული ნაწარმოების პრიზი აქვს მიღებული.


“Biolum” - სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს განეკუთვნება, სადაც ოკეანის იდუმალ სიღრმეებში მოგზაურობისას, საზარელი ამბავი ხდება.


On the Morning You Wake (To the End of the World) - დოკუმენტური გამოცდილებაა, რომელიც მაყურებელს ნამდვილი ამბის თანამონაწილედ აქცევს.


ასევე იხილავთ შემდეგ ნამუშევრებს: “The Hangman at Home”, “Minimum Mass”, “Battlescar”, “Meet Mortaza”, “The real thing / Archi vrai”, “L’île des morts” და სხვა. ნამუშევრები სხვადასხვა თემას ეხება და განსხვავებულ ამბებზე მოგვითხრობს. ყველა მათგანს სხვა რეალობაში, სხვა სამყაროში მოგზაურობის შესაძლებლობა აერთიანებს. ფრანგული ვირტუალური რეალობის პროგრამის პარალელურად, ღონისძიების დროს სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ქართულ პროექტებს. მარიამ ნატროშვილისა და დეტუ ჯინჭარაძის “I pity the garden”, რომელიც 2022 წელს ხელოვნების ბიენალეს ქართულ პავილიონში იყო წარმოდგენილი და არაერთ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა, გლობალურ გამოცდილებას ადგილობრივ ელფერს შემატებს. ასევე მაყურებელი იხილავს VREX Immersive- ის მიერ თბილისის მერიისთვის მომზადებული 360° ფილმების სერიას “ვირტუალური თბილისი” და გიორგი მოლოდცოვის Raindance -ზე ნომინირებულ VRChat-ს “MormoVerse: Under the pillow”.

სრული პროგრამა და რეგისტრაცია : https://filmxr.ee/tbilisivrdays2023 


თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - თბილისი

მის: დოდო აბაშიძის ქ. 10 (ლოკაცია)