კალენდარი
საგამომცემლო დახმარების პროგრამით გამოცემული წიგნების პრეზენტაცია
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა მკითხველებს სთავაზობს
შეხვედრა-დებატებს ფრანგი და ფრანკოფონი მწერლების წიგნებზე სასაუბროდ მეგობრულ გარემოში.
ღონისძიება უფასოა. დასწრება თავისუფალია.
8 თებერვალს 18სთ30
მერაბ მამარდაშვილის სახელობის საგამომცემლო დახმარების პროგრამით
2017 წელს გამოცემული წიგნების პრეზენტაცია
რემონ კენოს „ზაზი მეტროში“,
გამომცემლობა ააფ მენეჯმენტი, თარგმნა მაია ქაცანაშვილმა
რომანში ავტორი მრავალი არაჩვეულებრივი პერსონაჟის სახეს ქმნის
და ამადროულად, პატარა, ათი წლის გოგონას, ზაზის, ამბავს გვიყვება.
რობერ ბრესონის „ჩანაწერები კინემატოგრაფზე“,
გამომცემლობა სეზან ფაბლიშინგი, თარგმნა ნუცა ალექსი-მესხიშვილმა.
ნაშრომი წარმოადგენს რეჟისორის მოსაზრებებს კინოზე და
მკითხველს საშუალებას აძლევს გაეცნოს ავტორის განსაკუთრებულ ხედვას.
პასკალ ბონიფასის „შევიცნოთ სამყარო. საერთაშორისო ურთიერთობები ყველასათვის“,
პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის გამომცემლობა, თარგმნა ნანა ცქიტიშვილმა
ავტორი ყველასთვის გასაგები და პედაგოგიური ენით განიხილავს თანამედროვე სამყაროს ძირითად საკითხებს.
ომარ ბეგოიძის და თეა ქარჩავას
„ფრანგულ-ქართული და ქართულ-ფრანგული თავდაცვისა და უსაფრთხოების ლექსიკონი“,
გამომცემლობა ინტელექტი
სამხედრო სფეროს პირველი ორენოვანი ლექსიკონი, რომელიც ამ დარგების ზოგად ლექსიკას აერთიანებს.
ჟან-მარი-გუსტავ ლე კლეზიოს „ოქმი“,
გამომცემლობა ინტელექტი, თარგმნა ვლადიმერ რექვიაშვილმა
ლე კლეზიოს პირველი წიგნი, იგი მოგვითხრობს ახალგაზრდა კაცის, ადამ პოლოს, ისტორიას,
რომელიც განმარტოებით ცხოვრობს, გორაკზე, მიტოვებულ სახლში.
მარსელ პრუსტის „სვანის მხარეს“,
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თარგმნა სოფიო ბენდიაშვილმა
შვიდი ტომისგან შემდგარი რომანის „დაკარგული დროის ძიებაში“ პირველი ტომი,
რომელიც გვიყვება მაღალი ფრანგული საზოგადოების ცხოვრების შესახებ.
ხათუნა მზარელუას „შეყვარებული ხეები“
გამომცემლობა აგორა
პოეტური კრებული, რომელიც განსაკუთრებული სინაზით და გრძნობით
გადმოსცემს ავტორის ნააზრევს.
დანიელ პენაკის „პროზის გამყიდველი გოგონა“,
გამომცემლობა აგორა, თარგმნა ნატა ბალავაძემ
დეტექტიური ციკლის, მალოსენების საგის, მესამე რომანი,
რომელიც ბენჟამენ მალოსენის და მისი ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს.
ფრედ ვარგასის „ლურჯი წრეები“,
გამომცემლობა აგორა, თარგმნა ემა ობგაიძემ
დეტექტიური რომანია, რომელშიც პირველად გამოჩნდება
კომისარი ჟან-ბატისტ ადამსბერგი.
ოლივიე როლენის „მეტეოროლოგი“,
გამომცემლობა აგორა, თარგმნა ცისანა ბიბილეიშვილმა
ავტორი პოეტური და დახვეწილი სტილით აღწერს სტალინური ტერორის,
მილიონობით მსხვერპლიდან, ერთ-ერთის ამბავს. სტილის პრემია.
რომენ გარის „ცის ფესვები“,
გამომცემლობა აგორა, თარგმნა მანანა მაჭავარიანმა
ამ პირველი ეკოლოგიური რომანის ძირითადი იდეაა ბუნების დაცვა და
სპილოებზე ნადირობის აკრძალვა აფრიკაში მეოცე საუკუნუნის შუა პერიოდში. გონკურის პრემია.
რომენ გარის „ფრანები“,
გამომცემლობა აგორა, თარგმნა ემა ობგაიძემ
რომანი მოგვითხრობს ახალგაზრდა, პოლონელი არისტოკრატის, ლილას და
არაჩვეულებრივი მეხსიერებით დაჯილდოებული, ნორმანდიელი ბიჭის, ლუდოს გიჟური სიყვარულის ამბავს,
რომელიც მეორე მსოფლო ომის წინ და ომის პერიოდში ვითარდება.
რენე დეკარტის „ფილოსოფიის საწყისები“,
გამომცემლობა აგორა, თარგმნა დარეჯან ლაბუჩიძემ
თანამედროვე ფილოსოფიის ერთ-ერთი ფუძემდებლის თხზულება,
რომელშიც ავტორი აყალიბებს შემეცნების კლასიფიკაციას და ცოდნას ხეს ადარებს.
მატიას ენარის „ესაუბრე ბრძოლებზე, მეფეებსა და სპილოებზე“,
გამომცემლობა დიოგენე, თარგმნა თამარ ლომიძემ
ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით, წიგნში მოთხრობილია
მიქელანჯელოს მოგზაურობა ოსმალეთის იმპერიაში.
ალენ ვანიეს „ფსიქოანალიზის შესავალი“,
გამომცემლობა დიოგენე, თარგმნა შალვა მამინაშვილმა
ნაშრომში ავტორი განიხილავს ფსიქოანალიზის ძირითად მცნებებს და
სხვადასხვა მიდგომას იმ მიზნით, რომ არადოგმატურად გაანალიზოს
ანალიტიკური მეთოდის ყოველთვის სადავო საკითხები.
მარგერიტ იურსენარის „ადრიანეს მოგონებები“,
ქარჩხაძის გამომცემლობა, თარგმნა მერაბ ფიფიამ
რომაელი იმპერატორის, ადრიანის, ფსევდო-მემუარები. წიგნი მოხუცებული იმპერატორის მიერ დაწერილი
ერთი გრძელი წერილია, რომელითაც ის თავის ნაშვილებ ვაჟს მიმართავს.
მისამართი: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპ., ლადო გუდიაშვილის ქ. 7, ტელ.: 2923304