კალენდარი

ახალი თარგმანის პრეზენტაცია

გამომცემლობა "აგორა" და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა გიწვევთ ახალი თარგმანის, რენო სალენს ლიოტეს რომანის, ’’სტალინის აბაზანა’’ პრეზენტაციაზე ხუთშაბათს, 25 იანვარს 18სთ-ზე.

პრეზენტაცია ჩატარდება ფრანგულ ენაზე და მას საქართველოში საფრანგეთის ელჩი, ქალბატონი შერაზ გასრი დაესწრება. მისამართი: საქართველოს მწერალთა სახლი, ივანე მაჩაბლის ქ. 13.

ბატონი რენო სალენსი იყო დიპლომატი, საფრანგეთის ელჩი საქართველოში 2012-2016 წლებში. თავისი პირველი რომანი, ’’აღრეული სეზონები’’, რომელიც საქართველოში ცხოვრების პერიოდში დაწერა, საფრანგეთში 2018 წელს გამოქვეყნდა გამომცემლობა სეის მიერ ლიოტეს გვარით, რომელიც ავტორმა სამწერლო ფსევდონიმად აირჩია. მეორე რომანი, ’’სტალინის აბაზანა’’, 2022 წელს, ავტორის გარდაცვალების შემდეგ გამოიცა. რომანში მოქმედება ხდება საქართველოში. საფრანგეთის მოქალაქე სასტუმრო მარიოტში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. ვიდრე სკანდალი აგორდება, საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელს, რენე ტურპენს დაევალება, დაეხმაროს ადგილობრივ გამომძიებლებს საქმის მოკვლევაში. გამოძიების კვალს ისინი დიქტატორისა და მიტოვებული ქალაქის, წყალტუბოს კვალზე მიჰყავს. ამის შემდგომ კი მათ მსხვერპლის ვინაობა და მისი მკვლელობის მიზეზები უნდა დაადგინონ... წიგნი ქართულ ენაზე 2023 წელს გამოიცა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის საგამომცემლო დახმარების პროგრამის მხარდაჭერით გამომცემლობა აგორას მიერ.

ქართული თარგმანი შესრულებულია ქალბატონი შორენა ნინიაშვილის მიერ. მას დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში პედაგოგად. ფრანგულიდან ქართულად თარგმნილი აქვს მარი დარიესეკის რომანი ’’ტრუიზმები’’. ამჟამად მუშაობს ტურიზმის სფეროში, ის ტურისტულ კომპანია "პრომეთეა ვოიაჟს" ხელმძღვანელობს.