საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა და გამომცემლობა აგორა გიწვევთ ნინო ეკიზაშვილის ნაშრომის ’’Mon père ჟორჟ’’ პრეზენტაციაზე, რომელიც მიუძღვნა გიორგი ეკიზაშვილს, პოეტს, მწერალს, მთარგმნელსა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ლიტერატურის პროფესორს.
ხუთშაბათს, 19 ნოემბერს, 18 საათზე
მისამართი: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა, გუდიაშვილის ქ. 7
დასწრება თავისუფალია!
ქართული ლიტერატურული სცენის მთავარმა ფიგურამ, გიორგი ეკიზაშვილმა თავისი ცხოვრების ორმოცდაათზე მეტი წელი ფრანგული და ფრანგულენოვანი ავტორების ქართული საზოგადოებისთვის გაცნობას მიუძღვნა. მან ქართულად თარგმნა ისეთი დიდი ავტორების ნაწარმოებები, როგორებიც არიან ალექსანდრე დიუმა, მოლიერი, ალბერ კამიუ, ჟან-პოლ სარტრი, პატრიკ მოდიანო, დანიელ პენაკი, შარლ ბოდლერი, გი დე მოპასანი, მიშელ უელბეკი, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი, სამუელ ბეკეტი და მრავალი სხვა. გიორგი ეკიზაშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში ფრანგული ლიტერატურის პოპულარიზაციაში.
მისი გამორჩეული შემოქმედებითი გზა არაერთი ლიტერატურული და სახელმწიფო ჯილდოთი აღინიშნა, მათ შორისაა « აკადემიური პალმების » კომანდორის ორდენი.
გეპატიჟებით, გაეცნოთ ამ გამოცემას და ერთად ვისაუბროთ გიორგი ეკიზაშვილის ცხოვრებაზე, შემოქმედებასა და ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე, ასევე მთარგმნელების უმნიშვნელოვანეს როლზე კულტურათა შორის დიალოგში.

