საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგისტრაციები 2027 აკადემიური წლის ჩარიცხვებისთვის დაწყებულია!
ფრანგულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სააპლიკაციო პროცესი „Études en France“ პლატფორმაზე ხორციელდება და განკუთვნილია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების სტუდენტებისთვის, საქართველოში მცხოვრები კანდიდატებისთვის, რომლებმაც საშუალო თუ უმაღლესი განათლება ქართულ განათლების სისტემაში მიიღეს, (მათ შორის საერთაშორისო ატესტატი).
თუ სწავლის საფრანგეთში გაგრძელება გსურთ, პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგათ, არის EEF პლატფორმაზე რეგისტრაცია.
იხილეთ პლატფორმის ბმული: https://etudesenfrance.diplomatie.gouv.fr
განაცხადების მიღების ბოლო ვადა
2026 წლის 15 დეკემბერი – DAP პროცედურა, იგივე Licence 1–ზე (ბაკალავრიატის პირველი კურსი) და არქიტექტურის ეროვნულ სკოლებში (ENSA) რეგისტაცია, როგორც Licence -ზე, ასევე Master-ზე.
2027 წლის 15 იანვარი – Licence 2, Licence 3, Master 1 და Master 2.
შენიშვნა: გარკვეულ პროგრამებზე განაცხადების წარდგენა „Études en France“ პლატფორმის გარეშე ხდება.
პლატფორმაზე რეგისტრაცია
- გადადით პლატფორმაზე თუ უკვე გაქვთ ანგარიში, შედით სისტემაში https://etudesenfrance.diplomatie.gouv.fr
- ყურადღება! მნიშვნელოვანია გვერდის ბოლოში, „სხვადასხვა“ განყოფილებაში, არ დაგავიწყდეთ მონიშნოთ ველი „ვეთანხმები საფრანგეთში სწავლის შესახებ ინფორმაციის მიღებას ჩემს პირად ელექტრონული ფოსტის მისამართზე“. ამის შემდეგ თქვენ მიიღებთ ყველა შეტყობინებას ელექტრონული ფოსტით (განაცხადის დადასტურება, აკადემიური გასაუბრება, უნივერსიტეტის გადაწყვეტილებები, საფასურის გადახდა და ა.შ.).
- გაააქტიურეთ თქვენი ანგარიში მისი შექმნიდან 48 საათის განმავლობაში, თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიღებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
- დააწკაპუნეთ განყოფილებაზე „მე ვარ აპლიკანტი“.
- შეიყვანეთ თქვენი პირადი ინფორმაცია: პირადობის დამადასტურებელი ახალი ფოტო, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი, პირადობის მოწმობა და ა.შ.), საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ.
- შეიყვანეთ ინფორმაცია თქვენს აკადემიურ წარსულთან დაკავშირებით. სწავლის ყველა წელი უნდა იყოს დოკუმენტირებული: CV, დიპლომები, ნიშნების ფურცელი, სარეკომენდაციო წერილები, წლის გამეორება, სტაჟირება, დასაქმება, უმოქმედობა და ა.შ. თუ არ გაქვთ დამადასტურებელი დოკუმენტაცია, გთხოვთ, დაურთოთ განმარტებითი წერილი.
- საჭიროებისამებრ, დაამატეთ თქვენი ფრანგული ენის სერთიფიკატები. (DELF/DALF/TCF) ან ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი.
- თუ უკვე გაქვთ განაცხადი შევსებული, თქვენ არ შეგიძლიათ პირდაპირ შეცვალოთ უკვე შეყვანილი ინფორმაცია, მაგრამ შეგიძლიათ დაამატოთ ახალი ინფორმაცია. თუ ინფორმაციის შეცვლა გჭირდებათ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ [email protected].
გთხოვთ, გაეცნოთ დეტალურ სახელმძღვანელოს ფრანგულ და ინგლისურ ენებზე Etudes en France-ზე რეგისტრაციისთვის.
პროგრამის არჩევა
„Études en France“ პლატფორმაზე შეგიძლიათ გააკეთოთ მაქსიმუმ 7 არჩევანი, მაგრამ არჩევანის რაოდენობა განსხვავდება პროგრამის მიხედვით.
Licence 1– ზე მაქსიმუმ 3 პროგრამის არჩევის საშუალება გაქვთ, არქიტექტურის ეროვნულ სკოლებში ,,ENSA’’- ში კი მხოლოდ 2 პროგრამის არჩევა შეგიძლიათ, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურზე.
პლატფორმის გარეთ გაკეთებული განაცხადი არ ითვლება ამ ლიმიტში.
ყოველთვის წინასწარ შეამოწმოთ თითოეულ პროგრამაზე ჩარიცხვის პროცედურები.
- ზოგიერთი დაწესებულება, თუნდაც „Études en France“-თან დაკავშირებული, ყოველთვის არ ახორციელებს განაცხადების მიღებას პლატფორმის მეშვეობით. მაგალითად : საინჟინრო სკოლები, ბიზნეს სკოლები, სადოქტორო სკოლები, სპეციალიზებული მაგისტრატურის პროგრამები (Bac+6), პროგრამები, რომლებიც კანიდატების მიღებას მაღალსელექციური მისაღები გამოცდებით ან შესარჩევი პროცედურებით ახორციელებენ და ა.შ.
- ზოგიერთ დაწესებულებაში ჩარიცხვისთვის, შესაძლებელია საჭირო იყოს პარალელური ჩარიცხვის წარმოება, რომელიც მოიცავს ორმაგ რეგისტრაციას უმაღლესი დაწესებულების ვებგვერდსა და „Études en France“ პლატფორმაზე.
- სხვა პლატფორმასთან დაკავშირებულ დაწესებულებებს შეუძლიათ გამოიყენონ „Études en France“ პლატფორმა მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციისთვის, როგორც წინასაკონსულო პროცედურის ნაწილი, ვიზაზე განაცხადის შეტანამდე.
ასევე, აუცილებელია პროგრამების წინაპირობების, სასწავლო გეგმის, კარიერული პერსპექტივების, განაცხადის მოთხოვნების და ა.შ. შემოწმება. ზოგიერთი პროგრამისთვის „Études en France“ განაცხადის პროცესთან ერთად, დამატებითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო (ტესტები, სერტიფიცირება, მისაღები გამოცდები ან განაცხადის ცალკე განხილვა).
ყურადღება! მას შემდეგ, რაც Campus France დაასრულებს თქვენი განაცხადის განხილვას, თქვენ არ გაქვთ უფლება შეცვალოთ პროგრამების სია. ამიტომ, თქვენი პასუხისმგებლობაა, გადაამოწმოთ ჩარიცხვის წინაპირობა.
პროგრამის ასარჩევად:
- დააწკაპუნეთ „მე ვავსებ ჩემი პროგრამის კალათას“
- დააწკაპუნეთ „პროგრამის დამატება“
- აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო მიმართულება და აირჩიეთ სასურველი პროგრამები (მაქსიმუმ 7).
- დაწერეთ სამოტივაციო წერილი. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია და არ უნდა გამოგრჩეთ.
- განაცხადის შევსებისა და შემოწმების შემდეგ (იხილეთ ქვემოთ), დააწკაპუნეთ „მე ვაგზავნი ჩემს განაცხადს Campus France-ში“ და მონიშნეთ უჯრები.
- გადაიხადეთ განაცხადის საფასური მას შემდეგ, რაც მიიღებთ მოთხოვნას გადახდის შესახებ (თუ არ ხართ გათავისუფლებული). 300 ლარი უნდა გადაირიცხოს საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის საბანკო ანგარიშზე.
გთხოვთ, გადახდის სათაურის ველში მკაფიოდ მიუთითოთ „სწავლა საფრანგეთში“ და გადახდის დეტალები ასახოთ პლატფორმაზე. - საფასურის გადახდის შემდეგ, Campus France-ის გუნდი განიხილავს თქვენს განაცხადს. თუ თქვენი დოსიე არასრულია, ის არ დადასტურდება და დაგიბრუნდებათ კორექტირებისთვის (ამიტომ მნიშვნელოვანია თქვენი ელ.ფოსტის მონიტორინგი). მას შემდეგ, რაც თქვენი განაცხადის განხილვა დასრულდება Campus France-ის მიერ, მიიღებთ გასაუბრებაზე მოწვევას.
- ყველა აპლიკანტი, რომლის განაცხადის განხილვა დასრულდება Campus France-ის მიერ, მოწვეული იქნება აკადემიურ გასაუბრებაზე. თქვენი სასწავლო გეგმის Campus France-ში წარდგენა გადამწყვეტი ნაბიჯია. ეს გასაუბრება გაძლევთ შესაძლებლობას, წარმოადგინოთ თქვენი პირადი პროექტი, ახსნათ თქვენი არჩევანი და მოტივაცია. ამიტომ, წინასწარ უნდა მოემზადოთ ყველა საჭირო დოკუმენტის შეგროვებით. შემდეგ აკადემიურ გასაუბრებაზე მიგიწვევენ ელექტრონული ფოსტით (თარიღი, დრო და ადგილმდებარეობა). გთხოვთ, გაითვალისწინოთ! ორგანიზაციული მიზეზების გამო, დაგვიანება დაუშვებელია. აკადემიური გასაუბრების შემდეგ, აპლიკანტის ფაილი ელექტრონულად იგზავნება შერჩეულ დაწესებულებებში.
- რეგულარულად შედით სისტემაში, რათა თვალყური ადევნოთ დაწესებულებების პასუხებს. ისინი თქვენს განაცხადებს მხოლოდ “Études en France” პლატფორმის მეშვეობით უპასუხებენ.
- დაწესებულებისგან ერთი ან მეტი ჩარიცხვის მიღების შემდეგ, თქვენი საბოლოო არჩევანი დაადასტურეთ “Études en France” ანგარიშში. ჩამოტვირთეთ თქვენი საბოლოო წინასწარი რეგისტრაციის სერტიფიკატი.
თუ დაწესებულებისგან დადებით პასუხს ვერ მიიღებთ, სამწუხაროდ, პროცესი ამ ეტაპზე მთავრდება. Campus France Georgie-ს ოფისს არ აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება თქვენი განაცხადის მიღებასთან ან უარყოფასთან დაკავშირებით. „Etudes en France“ პროცედურა და განაცხადის საფასურის გადახდა არ იძლევა დაწესებულებაში ჩარიცხვის გარანტიას. განაცხადის საფასური არ დაგიბრუნდებათ ჩარიცხვაზე უარის მიღების შემთხვევაში.
ჩარიცხვის პროცედურა პლატფორმის გარეშე
უმაღლეს დაწესებულებებში, რომლებიც არ არიან Campus France-ის ფორუმის წევრი, ჩარიცხვა Études en France-ის პლატფორმის გამოყენების გარეშე, პირდაპირ დაწესებულებებთან ან სხვა პლატფორმის (მაგ.Parcoursup) მეშვეობით ხდება. (გარდა ბაკალავრიატის პირველი კურსისა (L1) და ტექნოლოგიების ბაკალავრის პირველი კურსისა (BUT), რომლებზედაც განაცხადის გაკეთება Études en France პლატფორმის მეშვეობით ხდება).
Études en France და Parcoursup ორი სხვადასხვა პლატფორმაა, რომლებიც ერთმანეთთან არ არიან დაკავშირებულნი, თქვენ არ შეგიძლიათ ერთდროულად შეიტანოთ განაცხადი ერთსა და იმავე პროგრამაზე(თუმცა შესაძლებელია სხვადასხვა პროგრამაზე განაცხადის შეტანა).
მაშინაც კი, თუ იპოვით პროგრამას, რომელიც არ არის Études en France-ის პლატფორმაზე, თქვენ მაინც დაგჭირდებათ ამ პლატფორმის გამოყენება წინასაკონსულო პროცედურებისთვის.
სავიზო პროცედურა
მას შემდეგ რაც კანდიდატი ჩაირიცხება ფრანგულ უმაღლეს სასწავლებელში, უნდა დაიწყოს ზრუნვა სავიზო პროცედურაზე. Campus France არ არის პასუხისმგებელი სავიზო განაცხადზე.
ყურადღება! ფრანგულ სასწავლებელში ჩარიცხვა ავტომატურად ვიზის მიღებას არ ნიშნავს. თქვენი დოსიე უნდა აკმაყოფილებდეს საკონსულოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს (ფინანსური გარანტიები და ა.შ.).
ფრანგული ენის დონის შეფასება
ფრანგულენოვან პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად კანდიდატი უნდა ფლობდეს ფრანგული ენის საერთაშორისო დიპლომს: DELF B2 ან DALF C1 , ან გაიაროს ენის სპეციალური ტესტი TCF DAP, მხოლოდ ბაკალავრიატის პირველ კურსზე ჩასარიცხად.
დეტალური ინფორმაცია DELF B2, DALF C1 და TCF DAP-ის შესახებ იხილეთ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის გამოცდების კალენდარში.
ფრანგულ ან ინგლისურენოვან პროგრამაზე, კანდიდატმა თავად უნდა გადაამოწმოს მოთხოვნილი ენის კომპეტენცია სასურველ დაწესებულებასთან.
