კალენდარი

ლიტერატურული შეხვედრა - წიგნი რომელმაც გამიტაცა

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა
გიწვევთ ლიტერატურულ შეხვედრაზე

წიგნი, რომელმაც გამიტაცა

სარა ვილპოტი
ბორდოს პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის სტუდენტი,
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკის სტაჟიორი

წარმოგიდგენთ თავის რჩეულ წიგნს 


ბორის ვიანის "დღეთა ქაფი"

 
ოთხშაბათს, 2022 წლის 1 ივნისი 17სთ00წთ-ზე

შეხვედრა ჩატარდება ფრანგულ ენაზე
 
 

ბორის ვიანი დაიბადა 1920 წელს და გარდაიცვალა 1959 წელს, 39 წლის ასაკში. ის მრავალმხრივი შემოქმედებითი საქმიანობით იყო დაკავებული. ბორის ვიანი იყო მწერალი, პოეტი, სიმღერების ტექსტის ავტორი, მომღერალი, მუსიკის კრიტიკოსი, ჯაზის მუსიკოსი, სამხატვრო ხელმძღვანელი, სცენარისტი, მთარგმნელი, მსახიობი და მხატვარი. ბორის ვიანი იყო სიტყვებისა და აბსურდის მოყვარული, პარადოქსებით სავსე ხელოვანი. მისი შემოქმედება გამოირჩეოდა შთამბეჭდავი ინტენსივობითა და გამომგონებლობით, სწორედ ამიტომ ბორის ვიანი მე-20 საუკუნის ფრანგული ლიტერატურული და შემოქმედებითი სამყაროს მნიშვნელოვანი წარმომადგენელია.

 

ნაწარმოებებს, რომლებსაც ბორის ვიანი ვერნონ სალივანის ფსევდონიმით წერდა, მის სიცოცხლეში უფრო მეტი წარმატება ჰქონდათ, ვიდრე იმ რომანებს, რომლებსაც თავისი ნამდვილი სახელით და გვარით აქვეყნებდა. თუმცა, მწერლის აზრით, მხოლოდ ამ უკანასკნელ წიგნებს გააჩნდათ ნამდვილი ლიტერატურული ღირებულება. რომანს ’’დღეთა ქაფი’’, რომელიც რემონ კენომ გამოქვეყნებისთანავე შეაფასა როგორც "ყველაზე მძაფრი თანამედროვე სასიყვარულო რომანი", შედარებით მცირე წარმატება ხვდა წილად, თუმცა, მისი გარდაცვალების შემდეგ, ამ წიგნმა მწერალი მნიშვნელოვან ფიგურად გადააქცია, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს შორის.

 

’’დღეთა ქაფი’’, მსუბუქი, ნათელი სათაურია, რომელიც სასაცილო ან დაძაბული, ნაზი ან სერიოზული, მომხიბლავი და დაუვიწყარი სიყვარულის ისტორიას გვაცნობს, რომელსაც ოცდაექვს იწლის მწერალი მოგვითხრობს. ეს ჯაზის ეპოქის ზღაპარი, სამეცნიერო ფანტასტიკაა, კომიკურიც და მტკივნეულიც, ბედნიერიც და ტრაგიკულიც, ჯადოსნურიც და გულისგამგმირავიც. თანამედროვეობის ამ თამამ ნაწარმოებში, რომელიც ორმოცდაათ წელზე მეტია საკულტო წიგნია, ჰერცოგი ელინგტონი მულტფილმებს გადაეყრება, სარტრი სახუმარო თოჯინად გადაიქცევა, სიკვდილი წყლის შროშანის სახეს იღებს, კოშმარი სასოწარკვეთილებამდე მიდის. მხოლოდ ორი რამ რჩება მარადიული და გამარჯვებული: აბსოლუტური სიყვარულის უთქმელი ბედნიერება და შავკანიანთა ამერიკული მუსიკა...