კალენდარი

ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა | 2018-11-08 18 სთ 30

ლიტერატურული შეხვედრა - ახალი თარგმანების პრეზენტაცია

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა მკითხველებს სთავაზობს 
შეხვედრა-დებატებს ფრანგი და ფრანკოფონი მწერლების წიგნებზე სასაუბროდ მეგობრულ გარემოში. 
ღონისძიება უფასოა. დასწრება თავისუფალია. 

ხუთშაბათს, 8 ნოემბერს 18სთ 30 წთ-ზე 

წარმოგიდგენთ
მერაბ მამარდაშვილის საგამომცემლო დახმარების პროგრამით გამოცემულ
ახალ თარგმანებს


ლუი ფერდინან სელინის "სიკვდილი კრედიტით"
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, მთარგმნელი მერაბ ფიფია

და

როლან ბარტის "ფრაგმენტები შეყვარებულის საუბრიდან"
გამომცემლობა აგორა, მთარგმნელი მარინა ბალავაძე



ფრანგი მწერალი და ექიმი, ლუი ფერდინან სელინი, დაიბადა 1894 წელს და გარდაიცვალა 1961 წელს. სელინი ითვლება მე-20 საუკუნის ფრანგული ლიტერატურის ერთ-ერთ დიდ ნოვატორად . მან შექმნა საკუთარი, პერსონალური სტილი, რომლისთვისაც გამოიყენა არგო და შეეცადა ის მაქსიმალურად დაეახლოებინა ცოცხალ, სალაპარაკო ენასთან. თავის ნაწერებში სელინი მწარედ ჰყვება პირველ მსოფლიო ომში მიღებული პირადი გამოცდილების შესახებ. 1932 წელს გამოყვეყნდა მისი პირველი რომანი ’’მოგზაურობა ღამის დასალიერში’’. ნაწარმოების დაბეჭვამ სკანდალი გამოიწვია, რამაც მისი გაყიდვები გაზარდა. მას შემდეგ, სელინს წერა არ შეუწყვეტია. თავისი ლიტერატურული ღირებულებების და განსაკუთრებით კი, სალაპარაკო ენის გამოყენების გამო, მკითხველი მისი ნაწარმოებებს ყოველთვის კარგად იღებდა.

1936 წელს, გამომცემლობა ’’დენოელმა’’ გამოსცა ლუი ფერდინან სელინის მეორე რომანი, ’’სიკვდილი კრედიტით’’. როგორც ყოველთვის, ამ წიგნშიც ავტორმა საკუთარი ბიოგრაფიის ბევრი ეპიზოდი გამოიყენა, ისინი მეტი დრამატულობით დატვირთა და ქრონოლოგია ნაწარმოების საჭიროებისამებრ შეცვალა. ამ რომანში სელინმა პერსონაჟების ისეთი არაჩვეულებრივი გალერეა წარმოადგინა, რომელსაც მკითხველი ვერასოდეს დაივიწყებს.



1950-1970 წლების ფრანგული სემიოტიკის და სტრუქტურალიზმის უდიდესი ფიგურა, როლან ბარტი, დაიბადა 1915 წელს და გარდაიცვალა 1980 წელს. ავტორმა, რომელიც თანაბრად იყო მიჯაჭვული როგორც თავისი დროის ავანგარდს, ასევე კლასიკოსებს, ერთმანეთს დაუახლოვა რაიმე მოვლენისადმი მეცნიერული მიდგომა და ესთეტიკური სიამოვნება. როლან ბარტის შემოქმედება დღესაც უდიდეს გავლენას ახდენს თანამედროვე ლიტერატურულ კრიტიკაზე. ბარტი 50-ზე მეტი ნაშრომის ავტორია. მისი წიგნები თარგმნილია მრავალ ენაზე. 2002 წელს გამომცემლობამ ’’სეი’’ ერთად შეკრიბა და 5 ტომად გამოაქვეყნა როლან ბარტის ნაშრომების სრული კრებული.

როლან ბარტის წიგნი, ’’ფრაგმენტები შეყვარებულის საუბრიდან’’, გამოიცა 1977 წელს. ეს არის ესეების კრებული, რომელიც სტრუქტურულად დაყოფილია სხვადასხვა თავად: ’’ეჭვი’’, ’’შეხვედრა’’, ’’მოლოდინი’’, ’’კეთილდღეობა’’ და სხვა. ბარტის ეს ნაშრომი დღემდე რჩება სიყვარულისადმი მიძღვნინლი ლიტერატურული ოდისეის ეგრეთ წოდებულ ამოუცნობ მფრინავ ობიექტად.


მისამართი: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპ., ლადო გუდიაშვილის ქ. 7