კალენდარი

Vive la Culture! - ფრანგული გაკვეთილები (საფრანგეთში ერთი სასწავლო ტურის შესახებ)

ერთი თვის წინ, პარიზსა და ბორდოში,  პროგრამა Courants  du Monde  („მსოფლიო დინებების“) ეგიდით, მორიგი საერთაშორისო სემინარი ჩატარდა, რომელსაც საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციების სამინისტრო და  ორგანიზაცია la Maison des Cultures du Monde („მსოფლიო კულტურის სახლი“) ხელმძღვანელობდა.

პროგრამა   ფრანგული კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება და მის ფარგლებში, გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული,  რეგულარულად ეწყობა სასწავლო ტურები და ტრენინგები.

ამჯერად, „მსოფლიო კულტურის სახლის“  გადაწყვეტილებით, სემინარი ინგლისურ ენაზე ჩატარდა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ღონისძიების აუდიტორია.

თემებმა - „კულტურის ორგანიზაციები ტერიტორიული განვითარების სამსახურში" და „ხელოვნება ციფრულ ხანაში“  კულტურის სფეროს  29 პროფესიონალს მოუყარა თავი  15 ქვეყნიდან.  

სემინარს  „კულტურის ორგანიზაციები ტერიტორიული განვითარების სამსახურში“, საქართველოდან მე, მაია ჩიკვაიძე და თამარ ჯანაშია ვესწრებოდით.

ორივე სემინარი  სასწავლო-გაცნობითი ტური იყო და  ნათლად აჩვენებდა ფრანგული კულტურის სოციალურ ამოცანებს. ესაა დეცენტრალიზაცია და დამოკრატიზაცია, რომლის მნიშვნელობა   ანდრე მალრომ ნახევარი საუკუნის წინ განსაზღვრა.

ტურის პროგრამაში შეტანილი ყველა ორგანიზაცია, იქნებოდა ეს Univercience –Cite des Sciences et de l’industrie  (მეცნიერებისა და ინდუსტრიის ქალაქი), თუ Cite de la musique – Philarmonie de Paris, (მუსიკის ქალაქი - პარიზის ფილარმონია) კულტურის მართვის ფრანგული მოდელის წარმატებას ადასტურებდა,  მის  აქტუალობაში გარწმუნებდა. ყველა მაგალითში ნათლად გამოიკვეთა   კულტურასთან ფრანგული სახელმწიფოს ურთიერთობის ისტორიული ხასიათი - სახელმწიფოს მაქსიმალური მონაწილეობა  მართვაში. შემთხვევითი არ ყოფილა მასპინძელი ორგანიზაციების კურატორებისა და საჯარო  მოხელეების მიერ  ლუი XIV-ის მოღვაწეობაზე პერიოდული მითითება, ან -  ჟისკარ დესტენისა და ფრანსუა მიტერანის მიმართ წრფელი მადლიერება.  

საფრანგეთში ჩვენი ჩასვლა გაფიცვებსა და წყლადიდობას დაემთხვა. წამოსვლა-ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში. ექსტრემალური ვითარების მიუხედავად, საგრძნობი შეფერხება პროგრამის განხორციელებისას არ ყოფილა, რაც მის ორგანიზატორთა პროფესიონალიზმზე მეტყველებს.

ტური გულისხმობდა პარიზისა და ბორდოს   მსხვილი  ცენტრების, ასევე -  პატარა, თვითორგანიზებულ სისტემების მონახულება-გაცნობას. ჩემთვის, განსაკუთრებული ინსტერესის საგანი იყო ფრანგული კულტურის ორგანიზაციების სოციალური პროგრამები, რომელთა უმეტესობა გადასახადის გადამხდელის ფულით ფინანსდება. მათ შორის გამოვყოფდი  ფილარმონიის საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომელიც ფასდაუდებელ სამსახურს უწევს პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთ უბნის თემს:  მე-19 ოლქი -  ერთ დროს სოციალურად შეჭირვებული, ჩრდილო აფრიკელი ემიგრანტებით დასახლებული გარეუბანი,    დღეს  ჟან ნუველის (Cite de la musique – Philarmonie de Paris),  ადრიან ფენსილბერის (Universcience –Cite des Sciences et de l’industrie) და ბერნარდ ჩუმის Parc de La Vilette  არქიტექტურული შედევრებით  იწონებს თავს.  კულტურის ყველა ეს ინსტიტუცია, პირველ რიგში,    ურბანულ განვითარებას ემსახურება.

საინტერესო იყო ბორდო, როგორც წარმატებული რეგიონული განვითარების მაგალითი. პროგრამის მონაწილე ქართველებს ბედნიერი შესაძლებლობა მოგვეცა გვენახა მეგა პროექტი Cite du Vin („ღვინის ქალაქი“), რომელიც 31 მაისს,  ფრანსუა ოლანდმა გახსნა. მის  ინაუგურაციას საქართველოს პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

Cite du Vin  გასართობ-შემეცნებითი პარკია, სადაც  თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ღვინის ისტორიას მოგითხრობენ;  საშუალებას გაძლევენ ნახო და დააგემოვნო, შეეხო და აღიქვა, უსმინო და შეიგრძნო არა მხოლოდ ღვინის ცივლიზაცია, არამედ საფრანგეთის მიღწევები ბიზნესის, კულტურის ინდუსტრიის, მეცნიერების,  ხელოვნებისა და განათლების დარგში. მუდმივმოქმედი გამოფენა აჩვენებს ღვინის კავშირს ცხოვრების თითქმის ყველა სფეროსთან, იქნება ეს სახელმწიფო პოლიტიკა, თუ ღვინის ეროტიკა.

რაოდენ საამაყო იყო ჩვენთვის - სემინარის ქართველი მონაწილეებისთვის, როცა „ღვინის ქალაქის“ ხელმძღვანელებმა ხაზგაზმით აღნიშნეს: „რა კარგია, რომ ჯგუფში ქართველებიც ხართ! ჩვენი გამოფენა ღვინის ისტორიას სწორედ თქვენით  იწყებს!“.

2017 წლის ზაფხულს, საქართველო „ღვინის ქალაქის“ მუზეუმის  პირველ სტუმარი იქნება -   გამოფენას   სახელწოდებით  „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“ ეროვნული მუზეუმი მოაწყობს.

ამ მიმოხილვაში უმეტესად კულტურის მსხვილ ორგანიზაციებს შევეხე, თუმცა, ჩემთვის, როგორც    კულტურის  რეგიონული ცენტრის - არტ ვილა გარიყულას  მენეჯერისთვის,  განსაკუთრებით სასარგებლო იყო  შედარებით მცირე მასშტაბის სამოქალაქო ორგანიზაციების გაცნობა:  La Fabrique Pola, Darwin Eco-System, სათემო კულტურის ცენტრი, Rocher de Palmer, (ბორდო),  Villa Vassileff  (პარიზი). ეს ცენტრები  ალტერნატიული, ინოვაციური საშუალებებით ვითარდებიან და   ქართული სამოქალაქო  ორგანიზაციებისთვის  მოდელებს წარმოადგენენ.

მართალია, საქართველო, თავისი ფინანსურ-ეკონომიკური შესაძლებლობებით  საფრანგეთს, რბილად რომ ვთქვათ, ვერ შეედრება, მაგრამ კულტურის პრიორიტეტები, რომელიც პირველად სწორედ საფრანგეთმა აიყვანა პოლიტიკის რაგნში,  დღეს ყველა ცივილური ქვეყნისთვის -  მათ შორის საქართველოსთვისაც საერთოა.

ბოლოს, მინდა მოკლედ შევაჯამო „მსოფლიო კულტურის სახლის“ სემინარის შედეგები: სასწავლო ტურმა   მაგალითებით გვანახა  კულტურის მართვის ე.წ. ფრანგული მოდელი, გაგვაცნო  ორგანიზაციების მუშაობისა და ფინანსირების პრინციპები, გვაჩვენა  მემკვიდრეობის მენეჯმენტის ინოვაციური მეთოდები;  საშუალება მოგვცა ჩავძირულიყავით ესთეტიკის, აღიარებული  შედევრებისა და მაღალი გემოვნების გარემოში. მართლაც,  საფრანგეთი სამართლიანად ითვლება დღესაც მსოფლიო კულტურის ცენტრად.

ავტორი  მადლობას უხდის თბილისის ფრანგულ ინსტიტუს, საფრანგეთის საელჩოს საქართველოში, „მსოფლიო კულტურის სახლს“ და საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციების სამინისტროს.

მაია ჩიკვაიძე
კურატორი
არტ-ვილა გარიყულა
 თანამედროვე ხელოვნების რეგიონული ცენტრი
სოფელი გარიყულა

პარიზი - თბილისი
2016, ივნისი